წმიდანები

წმიდანები

Sunday, July 24, 2016

ცხრა კოლაელი ყრმა


ეს ამბავი სამხრეთ საქართველოში, ისტორიული ტაოს სოფელ კოლაში მოხდა. სოფელი კოლა მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. უმეტესობა კერპთაყვანისმცემელი იყო.
ქრისტიანთა და წარმართთა ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. საღამოობით კი, როდესაც სოფლის ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად. ქრისტიან ბავშვებთან ერთად წარმართი ბავშვები ეკლესიამდე მიყვებოდნენ მათ თანატოლებს, მაგრამ ტაძარში ვერ შედიოდნენ.
ყრმები თანდათან უფრო ინტერესდებოდნენ ქრისტიანული მოძღვრებით. ბოლოს კი გადაწყვიტეს ქრისტიანებს შეერთებოდნენ. ქრისტიანმა მეგობრებმა აუხსნეს მათ, იმისთვის, რომ მათაც შეძლებოდათ ტაძარში ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მიღება, ისინი უნდა მონათლულიყვნენ.
ყრმებმა დიდი სიხარულით აღუთქვეს ქრისტიანებს, რომ აუცილებლად მოინათლებოდნენ. კოლაელი ქრისტიანები სოფლის  მღვდელთან მივიდნენ და აუწყეს ყრმათა სურვილი. იგი არ შეუშინდა წარმართებისგან მოსალოდნელ რისხვას და ზამთრის სუსხიან ღამეში ბავშვები მდინარეში მონათლა. ნათლობის დროს მოხდა სასწაული: ყინულივით ცივი მდინარე გათბა და ყრმებმა ნათლის ანგელოზები იხილეს. ანგელოზთაგან განმტკიცებულმა ბავშვებმა აღარ ისურვეს წარმართ მშობლებთან დაბრუნება და ქრისტიანებთან დარჩნენ. მალე მშობლებმა გაიგეს შვილების ნათლისღების ამბავი, ძალით გამოიყვანეს ისინი ეკლესიიდან და ცემითა და ჩხუბით მიიყვანეს სახლში.
ბავშვები საოცარი მოთმინებით იტანდნენ შეურაცხყოფას. შვიდი დღე-ღამე მშიერ-მწყურვალენი იყვნენ. ვერც მოფერებამ, ვერც სიკეთეთა დაპირებამ ვერ მოხიბლა ახლადმონათლული ბავშვები. „ჩვენ ქრისტიანები ვართ და არაფერი გვინდა თქვენგან, გაგვიშვით და წავალთ ქრისტიანებთან“ - ითხოვდნენ ისინი.
შვილების სიჯიუტით განრისხებული მშობლები მთავართან მივიდნენ, ყველაფერი აუწყეს და მისგან ბავშვების ქვით ჩაქოლვის ნებართვა ითხოვეს.
მდინარის სათავესთან, იქ სადაც ყრმები მოინათლნენ, დიდი ორმო ამოთხარეს და ბავშვები შიგ ჩაყარეს.
„ჩვენ ქრისტიანები ვართ და ქრისტესთვის მოვკვდებით“ - ეს იყო ბავშვების უკანასკნელი სიტყვები. უსჯულო მშობლებმა და იქ თავმოყრილმა ბრბომ ქვებით ამოავსეს ორმო. წარმართებმა სიკვდილის პირას მიიყვანეს სოფლის ხუცესიც, გაძარცვეს და ნაძარცვი თვითონ გაინაწილეს.
წმიდა მოწამე ცხრა კოლაელი ყრმა მე-6 საუკუნეში აღესრულა მოწამეობრივად.


No comments:

Post a Comment