წმიდანები

წმიდანები

Sunday, July 24, 2016

წმიდა იოანე ნათლისმცემელი


ისრაელთა ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი მღვდელი, სახელად ზაქარია. მას ჰყავდა მეუღლე, რომელსაც ელისაბედი ერქვა. ორივე ღვთისმოყვარულნი და სიკეთით აღსავსენი იყვნენ. მათ ღრმა მოხუცებულობამდე შვილი არ ჰყავდათ და ძალიან წუხდნენ ამაზე. ისინი მხურვალედ შესთხოვდნენ უფალს, მიეცა მათთვის შვილი. მათი თხოვნა კი დიდხანს უყურადღებოდ რჩებოდა. ბოლოს უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა და აუსრულა ნატვრა.

წმიდა იოანე ნათლისმცემელი, მე-17 ს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ერთხელ ზაქარია წირვაზე იდგა და საკურთხეველში აკმევდა. ამ დროს უეცრად ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა:
„ნუ გეშინია, ზაქარია. უფალმა შენი ვედრება ისმინა. შენ გეყოლება ძე, რომელსაც იოანეს დაარქმევ. იგი იქნება დიდი მქადაგებელი, მაცხოვრის წინამორბედი, რომელიც მოამზადებს ხალხს მის მისაღებად.“
გაკვირვებულმა ზაქარიამ ვერ დაიჯერა ანგელოზის ნათქვამი და უთხრა: „რაღა დროს ჩვენი შვილია? მე და ჩემი მეუღლე უკვე ღრმად მოხუცებულები ვართ.“
მაშინ ანგელოზმა უპასუხა: „მე მთავარანგელოზი გაბრიელი ვარ, ღვთის წინაშე მდგომარე. უფალმა გამომგზავნა, რომ გახარო ეს ამბავი და რადგან არ დაიჯერე ჩემი სიტყვა, მეტყველების უნარს დაკარგავ მანამ, ვიდრე შვილი არ შეგეძინებათ.“
თქვა ეს ანგელოზმა და გაუჩინარდა.
ზაქარიამ მაშინვე დაკარგა მეტყველების უნარი და გამოვიდა საკურთხევლიდან.
მთავარანგელოზის სიტყვა მალე აღსრულდა. მეცხრე თვეს ზაქარიასა და ელისაბედს ვაჟიშვილი შეეძინათ. მაშინდელი წესის მიხედვით ახალშობილისთვის მერვე დღეს უნდა დაერქმიათ სახელი. ებრაელთა სჯულის მიხედვით ბავშვისთვის მამის სახელის დარქმევა უნდოდათ ნათესავებს.
ელისაბედმა კი თქვა, რომ ბავშვის სახელი იოანე უნდა ყოფილიყო. დამუნჯებულმა მამამაც მოითხოვა დაფა და დაწერა, რომ იოანე იყო ახალშობილის სახელი.
უცებ ზაქარიას მეტყველების უნარი დაუბრუნდა და ღვთის დიდება და წინასწარმეტყველება დაიწყო.
ამის მნახველნი გაკვირვებულები იყვნენ და ამბობდნენ: „ახლადდაბადებული ბავშვი საოცარი ვინმე იქნება.“
წმიდა იოანე ნათლისმცემელს, პატარას გარდაეცვალა მშობლები. იგი უდაბნოში იზრდებოდა, მარხულობდა, ლოცულობდა და საქადაგებლად ემზადებოდა.


ცხრა კოლაელი ყრმა


ეს ამბავი სამხრეთ საქართველოში, ისტორიული ტაოს სოფელ კოლაში მოხდა. სოფელი კოლა მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. უმეტესობა კერპთაყვანისმცემელი იყო.
ქრისტიანთა და წარმართთა ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. საღამოობით კი, როდესაც სოფლის ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად. ქრისტიან ბავშვებთან ერთად წარმართი ბავშვები ეკლესიამდე მიყვებოდნენ მათ თანატოლებს, მაგრამ ტაძარში ვერ შედიოდნენ.
ყრმები თანდათან უფრო ინტერესდებოდნენ ქრისტიანული მოძღვრებით. ბოლოს კი გადაწყვიტეს ქრისტიანებს შეერთებოდნენ. ქრისტიანმა მეგობრებმა აუხსნეს მათ, იმისთვის, რომ მათაც შეძლებოდათ ტაძარში ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მიღება, ისინი უნდა მონათლულიყვნენ.
ყრმებმა დიდი სიხარულით აღუთქვეს ქრისტიანებს, რომ აუცილებლად მოინათლებოდნენ. კოლაელი ქრისტიანები სოფლის  მღვდელთან მივიდნენ და აუწყეს ყრმათა სურვილი. იგი არ შეუშინდა წარმართებისგან მოსალოდნელ რისხვას და ზამთრის სუსხიან ღამეში ბავშვები მდინარეში მონათლა. ნათლობის დროს მოხდა სასწაული: ყინულივით ცივი მდინარე გათბა და ყრმებმა ნათლის ანგელოზები იხილეს. ანგელოზთაგან განმტკიცებულმა ბავშვებმა აღარ ისურვეს წარმართ მშობლებთან დაბრუნება და ქრისტიანებთან დარჩნენ. მალე მშობლებმა გაიგეს შვილების ნათლისღების ამბავი, ძალით გამოიყვანეს ისინი ეკლესიიდან და ცემითა და ჩხუბით მიიყვანეს სახლში.
ბავშვები საოცარი მოთმინებით იტანდნენ შეურაცხყოფას. შვიდი დღე-ღამე მშიერ-მწყურვალენი იყვნენ. ვერც მოფერებამ, ვერც სიკეთეთა დაპირებამ ვერ მოხიბლა ახლადმონათლული ბავშვები. „ჩვენ ქრისტიანები ვართ და არაფერი გვინდა თქვენგან, გაგვიშვით და წავალთ ქრისტიანებთან“ - ითხოვდნენ ისინი.
შვილების სიჯიუტით განრისხებული მშობლები მთავართან მივიდნენ, ყველაფერი აუწყეს და მისგან ბავშვების ქვით ჩაქოლვის ნებართვა ითხოვეს.
მდინარის სათავესთან, იქ სადაც ყრმები მოინათლნენ, დიდი ორმო ამოთხარეს და ბავშვები შიგ ჩაყარეს.
„ჩვენ ქრისტიანები ვართ და ქრისტესთვის მოვკვდებით“ - ეს იყო ბავშვების უკანასკნელი სიტყვები. უსჯულო მშობლებმა და იქ თავმოყრილმა ბრბომ ქვებით ამოავსეს ორმო. წარმართებმა სიკვდილის პირას მიიყვანეს სოფლის ხუცესიც, გაძარცვეს და ნაძარცვი თვითონ გაინაწილეს.
წმიდა მოწამე ცხრა კოლაელი ყრმა მე-6 საუკუნეში აღესრულა მოწამეობრივად.