წმიდანები

წმიდანები

Sunday, July 24, 2016

წმიდა იოანე ნათლისმცემელი


ისრაელთა ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი მღვდელი, სახელად ზაქარია. მას ჰყავდა მეუღლე, რომელსაც ელისაბედი ერქვა. ორივე ღვთისმოყვარულნი და სიკეთით აღსავსენი იყვნენ. მათ ღრმა მოხუცებულობამდე შვილი არ ჰყავდათ და ძალიან წუხდნენ ამაზე. ისინი მხურვალედ შესთხოვდნენ უფალს, მიეცა მათთვის შვილი. მათი თხოვნა კი დიდხანს უყურადღებოდ რჩებოდა. ბოლოს უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა და აუსრულა ნატვრა.

წმიდა იოანე ნათლისმცემელი, მე-17 ს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ერთხელ ზაქარია წირვაზე იდგა და საკურთხეველში აკმევდა. ამ დროს უეცრად ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა:
„ნუ გეშინია, ზაქარია. უფალმა შენი ვედრება ისმინა. შენ გეყოლება ძე, რომელსაც იოანეს დაარქმევ. იგი იქნება დიდი მქადაგებელი, მაცხოვრის წინამორბედი, რომელიც მოამზადებს ხალხს მის მისაღებად.“
გაკვირვებულმა ზაქარიამ ვერ დაიჯერა ანგელოზის ნათქვამი და უთხრა: „რაღა დროს ჩვენი შვილია? მე და ჩემი მეუღლე უკვე ღრმად მოხუცებულები ვართ.“
მაშინ ანგელოზმა უპასუხა: „მე მთავარანგელოზი გაბრიელი ვარ, ღვთის წინაშე მდგომარე. უფალმა გამომგზავნა, რომ გახარო ეს ამბავი და რადგან არ დაიჯერე ჩემი სიტყვა, მეტყველების უნარს დაკარგავ მანამ, ვიდრე შვილი არ შეგეძინებათ.“
თქვა ეს ანგელოზმა და გაუჩინარდა.
ზაქარიამ მაშინვე დაკარგა მეტყველების უნარი და გამოვიდა საკურთხევლიდან.
მთავარანგელოზის სიტყვა მალე აღსრულდა. მეცხრე თვეს ზაქარიასა და ელისაბედს ვაჟიშვილი შეეძინათ. მაშინდელი წესის მიხედვით ახალშობილისთვის მერვე დღეს უნდა დაერქმიათ სახელი. ებრაელთა სჯულის მიხედვით ბავშვისთვის მამის სახელის დარქმევა უნდოდათ ნათესავებს.
ელისაბედმა კი თქვა, რომ ბავშვის სახელი იოანე უნდა ყოფილიყო. დამუნჯებულმა მამამაც მოითხოვა დაფა და დაწერა, რომ იოანე იყო ახალშობილის სახელი.
უცებ ზაქარიას მეტყველების უნარი დაუბრუნდა და ღვთის დიდება და წინასწარმეტყველება დაიწყო.
ამის მნახველნი გაკვირვებულები იყვნენ და ამბობდნენ: „ახლადდაბადებული ბავშვი საოცარი ვინმე იქნება.“
წმიდა იოანე ნათლისმცემელს, პატარას გარდაეცვალა მშობლები. იგი უდაბნოში იზრდებოდა, მარხულობდა, ლოცულობდა და საქადაგებლად ემზადებოდა.


ცხრა კოლაელი ყრმა


ეს ამბავი სამხრეთ საქართველოში, ისტორიული ტაოს სოფელ კოლაში მოხდა. სოფელი კოლა მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. უმეტესობა კერპთაყვანისმცემელი იყო.
ქრისტიანთა და წარმართთა ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. საღამოობით კი, როდესაც სოფლის ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად. ქრისტიან ბავშვებთან ერთად წარმართი ბავშვები ეკლესიამდე მიყვებოდნენ მათ თანატოლებს, მაგრამ ტაძარში ვერ შედიოდნენ.
ყრმები თანდათან უფრო ინტერესდებოდნენ ქრისტიანული მოძღვრებით. ბოლოს კი გადაწყვიტეს ქრისტიანებს შეერთებოდნენ. ქრისტიანმა მეგობრებმა აუხსნეს მათ, იმისთვის, რომ მათაც შეძლებოდათ ტაძარში ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მიღება, ისინი უნდა მონათლულიყვნენ.
ყრმებმა დიდი სიხარულით აღუთქვეს ქრისტიანებს, რომ აუცილებლად მოინათლებოდნენ. კოლაელი ქრისტიანები სოფლის  მღვდელთან მივიდნენ და აუწყეს ყრმათა სურვილი. იგი არ შეუშინდა წარმართებისგან მოსალოდნელ რისხვას და ზამთრის სუსხიან ღამეში ბავშვები მდინარეში მონათლა. ნათლობის დროს მოხდა სასწაული: ყინულივით ცივი მდინარე გათბა და ყრმებმა ნათლის ანგელოზები იხილეს. ანგელოზთაგან განმტკიცებულმა ბავშვებმა აღარ ისურვეს წარმართ მშობლებთან დაბრუნება და ქრისტიანებთან დარჩნენ. მალე მშობლებმა გაიგეს შვილების ნათლისღების ამბავი, ძალით გამოიყვანეს ისინი ეკლესიიდან და ცემითა და ჩხუბით მიიყვანეს სახლში.
ბავშვები საოცარი მოთმინებით იტანდნენ შეურაცხყოფას. შვიდი დღე-ღამე მშიერ-მწყურვალენი იყვნენ. ვერც მოფერებამ, ვერც სიკეთეთა დაპირებამ ვერ მოხიბლა ახლადმონათლული ბავშვები. „ჩვენ ქრისტიანები ვართ და არაფერი გვინდა თქვენგან, გაგვიშვით და წავალთ ქრისტიანებთან“ - ითხოვდნენ ისინი.
შვილების სიჯიუტით განრისხებული მშობლები მთავართან მივიდნენ, ყველაფერი აუწყეს და მისგან ბავშვების ქვით ჩაქოლვის ნებართვა ითხოვეს.
მდინარის სათავესთან, იქ სადაც ყრმები მოინათლნენ, დიდი ორმო ამოთხარეს და ბავშვები შიგ ჩაყარეს.
„ჩვენ ქრისტიანები ვართ და ქრისტესთვის მოვკვდებით“ - ეს იყო ბავშვების უკანასკნელი სიტყვები. უსჯულო მშობლებმა და იქ თავმოყრილმა ბრბომ ქვებით ამოავსეს ორმო. წარმართებმა სიკვდილის პირას მიიყვანეს სოფლის ხუცესიც, გაძარცვეს და ნაძარცვი თვითონ გაინაწილეს.
წმიდა მოწამე ცხრა კოლაელი ყრმა მე-6 საუკუნეში აღესრულა მოწამეობრივად.


Saturday, February 27, 2016


წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი

წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი მართლმორწმუნე მშობელთა შვილი იყო. ღვთისმოშიშმა დედ-მამამ იგი შობიდანვე უფალს შესწირა. თორმეტი წლის ყრმა ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა, იქ ბერად აღიკვეცა და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ წმიდანი იერუსალიმში წავიდა და იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა.

წმიდა ნიკოლოზ დვალს სურვილი ჰქონდა ქრისტეს სახელისთვის მოწამეობრივად აღსრულებულიყო. იგი მხნედ ქადაგებდა სარწმუნოებას მუსულმანებში და თან უშიშრად ამხელდა მათ ცდომილებებს.

უსჯულოებმა შეიპყრეს წმიდანი და მრავალი სატანჯველის შემდეგ ციხეში გამოკეტეს. ქრისტიანებმა შეძლეს მისი საპყრობილედან გამოხსნა. წინამძღვრის ბრძანებით წმიდა ნიკოლოზი კვიპროსზე წავიდა ქართველთა მონასტერში. იგი მოწამეობრივ აღსასრულს ევედრებოდა უფალს.  მას წმიდა იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და აუწყა, დამასკოში წასულიყო.
დამასკოში ჩასულმა წმიდანმა უსჯულოთა წინაშე ისევ მხნედ აღიარა ქრისტე და მათი უგუნურება ამხილა. განრისხებულმა უღმრთოებმა შეიპყრეს წმიდა აღმსარებელი, სასტიკად ცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ქრისტიანებმა ძლივს მოახერხეს მისი ტყვეობიდან გამოხსნა.
ახლად განთავისუფლებული წმიდა ნიკოლოზი კვლავ მივიდა უსჯულოთა შესაკრებელში და დაგმო მათი უგუნურება, რისთვისაც კვლავ აწამეს წმიდა აღმსარებელი და დილეგში ჩააგდეს. წმიდა მოწამე წმიდა იოანე ნათლისმცემლის სასწაულებრივი გამოცხადებით განიკურნა, ორი თვის შემდეგ კი კვლავ გაათავისუფლეს.
იერუსალიმში გასამგზავრებლად მომზადებული წმიდა ნიკოლოზი შემთხვევით ქალაქის ამირამ ნახა, შეიპყრო და ამირათ-ამირას გაუგზავნა. მან მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა წმიდანს. წმიდა ნიკოლოზმა კი გაბედულად აღიარა ქრისტე.
ამირათამირამ მისი მოკვლა ბრძანა. სანატრელი მოწამე აღმოსავლეთით მიბრუნდა,  სიხარულით მოუდრიკა მახვილს თავი და თქვა: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს მყავ შენთვის სიკვდილსა.“ მახვილით მოკვეთილმა თავმა შვიდგზის აღიარა ღმერთი და თქვა: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო!“
ამ სასწაულის მხილველმა სპარსელებმა წმიდანის გვამი დაწვეს. მისი წამების ადგილს სამი დღე ნათლის სვეტი ადგა.
წმიდა ნიკოლოზის მოძღვარმა, როდესაც შეიტყო, მისი სულიერი შვილის მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ, ადიდა ღმერთი და შეევედრა უფალს, გამოეცხადებინა მისთვის შეირაცხა თუ არა ნიკოლოზი წმიდა მოწამეთა შორის. ერთ დღეს წიგნის კითხვისას, მან სასწაულებრივი გამოცხადებით იხილა ნათლითა და სურნელებით სავსე მთა და ბრწყინვალედ შემკობილი წმიდა მოწამეთა გუნდი. მათ შორის გამორჩეულად ბრწყინავდა დიდმოწამე გიორგი.
წმიდა გიორგიმ იხმო წმიდა ნიკოლოზი: ნიკოლოზ! გამოდი და ეჩვენე შენს მოძღვარს, რადგან ბევრი ცრემლი დაღვარა შენთვის.
წმიდა მოწამე ნიკოლოზმა დაამშვიდა მოძღვარი და უთხრა: აი, მიხილე მეცა და ჩემი ადგილიც და ამიერიდან ნუღარ სწუხ ჩემთვის.
წმიდა ნიკოლოზ დვალი ეწამა 1314 წელს.