წმიდა ისაია წინასწარმეტყველს
„ძველი აღთქმის მახარებელს“ უწოდებენ. სწორედ მან იწინასწარმეტყველა ქრისტე მაცხოვარზე,
რომ იგი დავით წინასწარმეტყველის გვარში იშვება, მას ქალწული შობს, იგი ღმერთკაცი იქნება,
იტვირთავს ადამიანის ცოდვებს და მრავალს აცხოვნებს.
წმიდა დიდმოწამე გიორგი
|
წმიდა დიდმოწამე გიორგი ფრესკა ყინწვისის ტაძარში |
წმიდა გიორგი მესამე
საუკუნეში კაბადოკიის ქვეყანაში ცხოვრობდა. როგორც ცნობილია, იგი წმიდა ნინოს ნათესავი
იყო. წმიდა გიორგი დიდგვაროვანი ოჯახის შვილი, მორწმუნე, ჭკვიანი, ლამაზი, მდიდარი
და დიდი ვაჟკაცი იყო. მან ისე გამოიჩინა თავი, რომ რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ
თავის მხედარმთავრად დანიშნა. იმპერატორი დიოკლეტიანე ქრისტიანების მდევნელი იყო, რადგან
ისინი მეფის კერპებს არ სცემდნენ თაყვანს.
წმიდა გიორგიმ ამის
შესახებ, რომ გაიგო, ბევრი აღარ უფიქრია; გაყიდა თავისი მამული, ქონება ღარიბებს დაურიგა,
მივიდა იმპერატორთან და მის წინაშე აღიარა, რომ თვითონაც ქრისტიანი იყო. დიოკლეტიანეს
ძალიან გაუკვირდა წმიდა გიორგის ნათქვამი. იმპერატორმა დიდი ძალაუფლება და სიმდიდრე
შესთავაზა მას, ქრისტიანობის სანაცვლოდ.
წმიდა გიორგიმ კი
ამაზე ასე უპასუხა იმპერატორს: „ნეტავ შენც შეგეძლოს, ქრისტე ირწმუნო, მიხვდებოდი,
რომ ეს ყველაფერი დროებითია, ქრისტე მარადიული მეფეა, მის სიყვარულს სხვა ვერაფერი
შეედრება. ის მომანიჭებს დიდებასაც და გამარჯვებასაც.“
|
წმიდა გიორგის ბორბალზე წამება ფრესკა სვანეთის ტაძარში |
დიოკლეტიანე ძალიან
განარისხა წმიდა გიორგის ნათქვამმა. იმპერატორმა მისი წამების ბრძანება გასცა. წმიდა
გიორგი თოკზე ჩამოკიდეს და შუბი აძგერეს. თუმცა ასხლეტილი შუბი უკანვე გამობრუნდა,
სისხლმა კი ცვარივით გამოჟონა. იმპერატორი ცდილობდა სხვადასხვა სასჯელითა და წამებით
გაეტეხა წმიდანის რწმენა: საპყრობილეში ჩააგდო, ფეხზე ბორკილები დაადო, გულზე კი -
უზარმაზარი ლოდი. შემდეგ მბრუნავ ბორბალზე გააკრა, რომელშიც ბასრი რკინები იყო ჩამატებული
და მთელი სხეული დაუფლითა, ლურსმნებიანი სანდლები ჩააცვა და ისე ათრევინა. არც ეს იკმარა
უსჯულო იმპერატორმა და შემდეგ მწარედ აცემინა მათრახით.
წმიდა გიორგი არ
შეუშინებია ამ სასტიკ სასჯელებს. იგი მადლობდა უფალს ყველაფრისთვის, უფლის რწმენით,
სიყვარულით ითმენდა ტანჯვა-წამებას და გამუდმებით ლოცულობდა. უფალიც არ ტოვებდა მის
სათნომყოფელს, ეცხადებოდა და ამხნევებდა წმიდა გიორგის. მაცხოვარი ანგელოზს უგზავნიდა
მას, რომელიც ჭრილობებს უმთელებდა წმიდა მოწამეს და ყველა განსაცდელისგან უვნებელი
და ცოცხალი გამოჰყავდა.
|
წმიდა დიდმოწამე გიორგი ფრესკა ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში |
წმიდა გიორგი ქრისტეს
ძალით უამრავ სასწაულს ახდენდა ყველას თვალწინ. მან თავისი ლოცვით უფლის წინაშე დიდი
ხნის გარდაცვლილი მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმიდა გიორგი საპყრობილეში მასთან
მისულ უამრავ ადამიანს ასწავლიდა ქრისტეს სარწმუნოებას.
წმიდა გიორგის მტკიცე
რწმენისა და ვაჟკაცობის შემხედვარე უამრავმა ადამიანმა, მათ შორის დიოკლეტიანეს მსახურებმა
და თვით დედოფალმა ალექსანდრამაც კი ირწმუნა ქრისტე. გამძვინვარებული დიოკლეტიანე ყველას
სიკვდილით სჯიდა. მხოლოდ მან ვერ შეძლო ქრისტეს სარწმუნოებისა და წმიდა გიორგის სიმართლის
აღიარება. იმპერატორს იმდენად ჰქონდა გული ცოდვებით, ამპარტავნებითა და ბოროტებით სავსე,
რომ იქ ქრისტესთვის ადგილი აღარ დაეტოვებინა.
303 წლის 6 მაისს
(ახ.სტ.), პარასკევ დღეს წმიდა დიდმოწამე გიორგი მახვილით მოკლეს. თუმცა წმიდა გიორგი
არ დამარცხებულა. უფალმა თავისი საყვარელი მარადიული მხედარი უდიდესი ძალით დააჯილდოვა,
რითაც წმიდანი ყველა ქრისტეს მეგობარს უკვე საუკუნეების მანძილზე ეხმარება.
წმიდა გიორგი განსაკუთრებით უყვართ
საქართველოში, სადაც მას მრავალი სასწაული მოუხდენია. ქართლის ცხოვრებაში აღწერილია,
რომ დიდგორის ბრძოლისას წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ლაშქართან ერთად თავად წმიდა
გიორგი იბრძოდა.
წმიდა ქალწულმოწამე ბარბარე
|
წმიდა ქალწულმოწამე ბარბარე |
წმიდა ქალწულმოწამე
ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მას დედა ადრე გარდაეცვალა.
მამა, სახელად დიოსკორე დიდგვაროვანი წარმართი იყო. დაქვრივებულმა დიოსკორემ ერთ ულამაზეს
ბაღში საგანგებოდ შვილისთვის ააგო მაღალი კოშკი. წმიდა ბარბარე იქ უცხო ხალხისგან მოშორებით
იზრდებოდა. მას ძალიან უყვარდა კოშკის წინ გადაშლილი ულამაზესი წალკოტის ყურება და
ხშირად ფიქრობდა ამ მშვენიერების შემქმნელზე. ბოლოს მიხვდა, რომ უნდა არსებულიყო ერთი
ბრძენი, ყოვლისშემძლე, რომელიც ყველაფერს ქმნის და ყველაფერს ანიჭებს სიცოცხლეს. წმიდა
ბარბარემ, ღვთის წყალობით, გაიცნო ქრისტიანი თანატოლები, მათგან ჭეშმარიტი ღმერთის
შესახებ შეიტყო. ამის შემდეგ მან აღიარა იესო ქრისტე და მამისგან ფარულად მოინათლა.
დიოსკორემ, როდესაც
შვილის გაქრისტიანების შესახებ შეიტყო, იმდენად განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული
საერთოდ დაივიწყა და შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა. მან თავისი ხელით მიჰგვარა წმიდა ბარბარე
ქალაქის მმართველს. მმართველი არ დასჯერდა წმიდა ქალწულის მხოლოდ წამებას და ბრძანა
სრულიად შიშველი გამოეყვანათ ის ქალაქში.
|
წმიდა ქალწულმოწამე ბარბარე ფრესკა სვანეთის ტაძარში |
ამ დროს კი სასწაული
მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა და მისი სიშიშვლე დაფარა. ამის
შემხედვარე გონებადაბნელებულმა დიოსკორემ თავისი ხელით მოჰკვეთა თავი საკუთარ ქალიშვილს.
ქალაქის მმართველი და დიოსკორე იმავე ღამეს დაისაჯნენ სიკვდილით. ამ საშინელი საქციელისთვის
ისინი მეხმა ფერფლად აქცია.
წმიდა ქალწულმოწამე
ბარბარემ სიკვდილის წინ უფალს სთხოვა, ვინც კი მისი მოწამეობრივი აღსასრულის მომხსენიებელი
იქნებოდა, უზიარებლად გარდაცვალებისგან დაეფარა. მართლაც, ზეციდან მოისმა ხმა, რაც
ადასტურებდა, რომ უფალმა მისი ვედრება შეისმინა. წმიდა ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების
მფარველად ითვლება.
მართლმადიდებელი
ეკლესია წმიდა ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენებას 17 დეკემბერს აღნიშნავს.
წმიდა გრიგოლ ხანძთელი
არაბთა ბატონობის შემდეგ საქართველო ნელ-ნელა ფეხზე
დგებოდა, სარწმუნოებაც ძლიერდებოდა. განსაკუთრებით ქრიტიანობა სამხრეთ საქართველოში,
ტაო-კლარჯეთში გაძლიერდა.
ტაო-კლარჯეთში ხელახლა
აღორძინდა ქრისტიანული ცხოვრება, აშენდა ბევრი ახალი მონასტერი, ბერები ლოცვასა და
მარხვასთან ერთად თარგმნიდნენ წიგნებს, ამრავლებდნენ ხელნაწერებს.
სამხრეთ საქართველოში
სულიერი ცხოვრების კვლავ აღმდგენელი და გამაძლიერებელი წმიდა გრიგოლ ხანძთელი იყო.
წმიდა გრიგოლი ქართლის ერისმთავრის ოჯახში დაიბადა. იგი ბავშვობიდანვე ღვთისმოშიშებით
იზრდებოდა. როდესაც გაიზარდა, ბერად აღკვეცა გადაწვიტა და ოპიზის მონასტერს მიაშურა.
მალე კი უფლის ნებით, წმიდა გრიგოლი სამ სულიერ ძმასთან ერთად ტაო-კლარჯეთში ეკლესია-მონასტრების
მშენებლობას იწყებს. მისი ძალისხმევით აშენდა ხანძთისა და შატბერდის მონასტრები. ერი
და ეკლესია ერთმანეთს დაუახლოვდა და გაძლიერდა. ნეტარი მამის ცრემლითა და ლოცვით უამრავი
ადამიანი იკურნებოდა. მასთან მისულნი არა მხოლოდ ადამიანები ჰპოვებდნენ შვებასა და
ნუგეშს, არამედ ცხოველებიც.
ერთხელ წმიდა გრიგოლი
და მისი სულიერი ძმები შატბერდის მახლობლად, მთაზე იყვნენ რაღაც საქმეზე წასულები.
უეცრად მათ ირემი დაინახეს, რომელიც მონადირეებს მოემწყვდიათ. საწყალი ნადირი კი ვერ
ითავისუფლებდა თავს. ირემმა ბერები, რომ დაინახა, მათკენ გაიქცა. იგი გონიერივით სწორედ
წმიდა გრიგოლთან მივიდა, თავი ხელზე დაადო წმიდანს და თითქოს ატირდა მოსალოდნელი საფრთხის
გამო.
ნეტარმა გრიგოლმა
ჯვარი გადასახა ირემს და დაუყვავა: „ქრისტეს სახელით, ვერაფერს გავნებს შენს ეს მტერი,
ნუ გეშინია!“
ამის შემხედვარე
მონადირეები გაკვირვებულები დარჩნენ და ადიდეს უფალი. ისინი წმიდანთან მივიდნენ. წმიდა
გრიგოლმა ჯვარი გადასახა მონადირეებს, აკურთხა, ირმის ნაცვლად სხვა საკვები მისცა.
დამფრთხალი ცხოველი კი მშვიდობით გაუშვა.
ასეთივე შემთხვევა
მოხდა ხანძთაშიც. ნეტარი მამა თავის სენაკში იყო, როდესაც მასთან ოთხმა გარეულმა თხამ
შეირბინა და წმიდანს გარს შემოეხვია. თურმე ისინი მონადირეებს მოემწვდიათ და ცხოველები
წმიდა მამასთან თავის გადასარჩენათ იყვნენ მისულები. წმიდა გრიგოლი მიხვდა ცხოველების
მისვლის მიზეზს, ნუგეში სცა მათ და ბრძანა, მონადირეებს გამასპინძლებოდნენ, შემდეგ
კი უკან გაეშვათ. თავად კი ცხოველები დააპურა და მშვიდობით განუტევა.
წმიდა გრიგოლ ხანძთელის
ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია 18 ოქტომბერს (ძვ. სტილით 5 ოქტომბერს აღნიშნავს).
წმიდა სერაპიონ ზარზმელი
|
ზარზმის მონასტერი |
წმიდა სერაპიონი
ზარზმის მონასტრის დამაარსებელი და სამცხეში სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთი სულის ჩამდგმელია.
წმიდა მამა წარმოშობით კლარჯეთიდან იყო. მისი მშობლები ღვთისმოშიში და გულმოწყალე ადამიანები
იყვნენ. წმიდა სერაპიონს ბავშვობიდანვე ჰქონდა ბერობის სურვილი. მშობლების გარდაცვალების
შემდეგ კი თავის უმცროს ძმასთან, იოანესთან ერთად მამა მიქაელ პარხელთან წავიდა. მიქაელ
პარხელი სასწაულმოქმედი და წმიდა მამა იყო.
ღირსმა მამამ ობლები
თავის მოწაფეებად აიყვანა და მათი სულიერი აღზრდა დაიწყო. მალე მამა მიქაელმა დაინახა,
რომ სერაპიონი უფლის უდიდესი სიყვარულითა, საღვთო მოშურნეობით იყო აღვსილი და მღვდლად
აკურთხა.
ერთხელ ლოცვისას
ღირსმა მიქაელმა ერთი კაცი იხილა, რომელმაც სერაპიონისა და იოანეს სამცხეში გაგზავნა
უბრძანა მონასტრის ასაშენებლად. სერაპიონი თავდაპირველად ამ დიდმა მისიამ შეაშინა,
შემდეგ კი - უფლის ნებას დამორჩილდა და ძმასთან ერთად გზას გაუდგა სამცხისკენ. შემწედ
კი ფერისცვალების ხატი წააბრძანა.
|
წმიდა სერაპიონ ზარზმელი |
ძალიან მალე სერაპიონი
და იოანე სამცხეში ჩავიდნენ. ძალიან მოეწეონათ ადგილი მონასტრის ასაგებად. თუმცა ადგილობრივმა
მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია მათ და ბერები გააძევეს.
დაღონებული ძმები
უკან გამობრუნდნენ. მდინარის გაღმა, დასავლეთით კი, სწორედ ის ადგილი იპოვეს, რომელიც
მამა მიქაელს ეჩვენა. ამ კუთხის მმართველი კეთილი და მორწმუნე პიროვნება გიორგი ჩორჩანელი
იყო.
ერთხელ, ნადირობისას
გიორგი ჩორჩანელმა უღრანი ტყის თავზე კვამლი შენიშნა და ამბის გასაგებად ხალხი გაგზავნა.
მალე მას ორი ბერის შესახებ აუწყეს. მთავარი დიდი მოწიწებით გაემართა ბერებთან, ფეხებში
ჩაუვარდა მათ, მონასტრის ასაშენებლად იქაური მიწა უბოძა და ყოველგვარი დახმარება აღუთქვა.
გიორგი ჩორჩანელმა თავის თანმხლებ ჭაბუკს დაავალა ბერებისთვის მეგზურობა გაეწია.
სერაპიონი და იოანე
ტყეში, მიუვალი გზებით მიდიოდნენ. გზად მათ ერთი სოფლის მცხოვრებნი აუჯანყდნენ და ბერების
დაბრკოლებას ცდილობდნენ. სწორედ იმ ღამით უფალმა სასწაული აღასრულა: მიწა იძრა, კლდე
გაიპო, სათახვის ტბა ადიდდა და ეს სოფელი მთლიანად წალეკა. შეშინებულმა ხალხმა ამ ადგილს
ზარზმა უწოდა.
მალე ბერებმა მონასტრის
ასაგებად შესაფერისი ადგილის ძიება დაიწყეს. მამა სერაპიონს მაღალ ბორცვზე უნდოდა მონასტრის
აგება. მამა იოანე კი ურჩევდა ძმას, რომ მონასტრის აგება დაბლობში უმჯობესი იყო, რადგან
ბორცვი მაღალი და ცივი იყო, ძმები კი შიშველი და ღარიბები იყვნენ. მაშინ ძმები შემდეგნაირად
მოიქცნენ: ორ კანდელში თანაბრად ჩაასხეს ზეთი. ერთი თავად სერაპიონმა დადგა ბორცვზე,
მეორე კი - მამა იოანემ ბორცვის სამხრეთით პატარა ღელეში.
ძმებმა ლოცვა დაიწყეს.
როდესაც გათენდა, სერაპიონის კანდელი დაცლილი იყო, იოანეს კანდელი კი შუამდე ანათებდა.
ეკლესიის საძირკველი
იოანეს არჩეულ ადგილზე ჩაყარეს, მაგრამ მშენებლობა გაძნელდა: უღრან ტყეში ქვების მოძიება
ჭირდა, მშენებლებს იგი მდინარიდან მოჰქონდათ. ღვთის შეწევნით, სამ წელიწადში ტაძრის
მშენებლობა დაასრულეს და მასში ფერიცვალების ხატი დააბრძანეს.
ნეტარმა სერაპიონმა
აღსასრულის მოახლოება, რომ იგრძნო, ძმები მოიხმო და დალოცა ისინი. რამდენიმე დღის შემდეგ
საწოლიდან წამოდგა, საკურთხეველში შევიდა, წმიდა ტრაპეზს ემთხვია, ეზიარა, ძმებს სთხოვა
ელოცათ მისთვის და მალევე მიიცვალა. იგი ტაძარში, საკურთხევლის აღმოსავლეთით დაკრძალეს.
საქართველოს მართლმადიდებელი
ეკლესია წმიდა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს 11 ნოემბერს აღნიშნავს.
წმიდა კონსტანტი კახი
საქართველოში არაბთა
ბატონობის პერიოდი დიდხანს გაგრძელდა. მთელი ქართლი მტერს ხელში ჰქონდა ჩაგდებული.
თბილისშიც არაბი ბუღა მმართველობდა. იგი დაუნდობლად ექცეოდა ქრისტიანებს და მაჰმადიანობას
ძალადობით ავრცელებდა.
სწორედ ამ პერიოდში
ქართლში ცხოვრობდა დიდგვაროვანი მორწმუნე კაცი კონსტანტი კახი. კახს მას თავისი მამულის
სახელის გამო უწოდებდნენ. კონსტანტი უკვე 85 წლის იყო, როდესაც ქართლში ქრიტიანობის
დევნა უფრო გამძაფრდა.
არაბთა ურიცხვი
ლაშქარი ბუღა თურქის მეთაურობით შემოესია ქვეყანას. ამ ბრძოლაში დაიღუპა თბილისის მოსახლეობის
დიდი ნაწილი, ქალაქის მმართველს თავი მოჰკვეთეს, თავად ქალაქი კი გადაწვეს. ამის შემდეგ
ააოხრეს ქართლ-კახეთი, მთიანეთი. მოხუც კონსტანტის გულმა ვეღარ მოუთმინა და თავის ძესთან
ერთად სათავეში ჩაუდგა ქართლის ლაშქარს.
|
წმიდა კონსტანტი კახი |
გორის მახლობლად
სასტიკი ბრძოლა გაიმართა. არაბებმა ქართველთა ლაშქარი დაამარცხეს. ურჯულო მტერმა კონსტანტი
კახი და მისი ძე, თარხუჯი კი ტყვედ ჩაიგდეს, ბორკილები დაადეს და თბილისის საპყრობილეში
ჩასვეს. კეთილმორწმუნე მთავარი კი არ შეშინდა, ყოველივე სიხარულით მიიღო და მადლობდა
უფალს.
სულ მალე წმიდა
კონსტანტი კახი თბილისის მმართველ ბუღას წარუდგინეს. მან ყვედრება და მუქარა დაუწყო
მოხუცს. ნეტერმა კონსტანტიმ კი უპასუხა: ტყვედ იმიტომ კი არ ჩაგივარდით, რომ უფალს
არ ვუყვარვართ, არამედ იმიტომ, რომ უფლის მცნებებს არ ვიცავდით.
საპყრობილეში მყოფი
წმიდა მოხუცი, კარგად ხვდებოდა, რომ ერის გასაჭირის მიზეზი ქართველთა ცოდვები იყო.
იგი მხნედ იტანდა მოვლენილ განსაცდელს და ყველაფრისთვის მადლობდა უფალს.
რამოდენიმე დღეში
წმიდა კონსტანტი კახს რკინის ბორკილები დაადეს და ბაბილონის ქალაქ სამარაში მაჰმადიან
მეფე ჯაფარს მიჰგვარეს. მეფემ წმიდა მოწამეს რჯულის დატოვება შესთავაზა, სანაცვლოდ
კი დიდ პატივსა და სიმდიდრეს დაჰპირდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯით
დაემუქრა.
წმიდა კონსტანტიმ
კი უპასუხა: შენ მხოლოდ შენი მახვილით შეგიძლია ჩემს ხორცს ავნო, სულს კი ვერაფერს
დააკლებ. უფლის სახელისთვის მე ყველაფერს სიხარულით დავითმენ, რადგან მხოლოდ ქრისტეა
ჭეშმარიტი ღმერთი.
მეფე ჯაფარი მოხუცის
ამ სიტყვებმა ძალიან გააბრაზა და მისი საპყრობილეში ჩასმა ბრძანა. საპყრობილეში მყოფ
წმიდანს კი მეფე კაცებს უგზავნიდა, რჯულის შეცვლაზე, რომ დაეთანხმებინათ. წმიდა კონსტანტის
აზრი ვერავინ შეაცვლევინა. პირიქით, მოხუცმა ლოცვა გააძლიერა, თან თვალებიდან ცრემლთა
ნაკადული სდიოდა. ირგვლივ მყოფები მას სახეში სცემდნენ, ტანჯავდნენ, თუმცა ნეტარი კონსტანტი
ვერ დაადუმეს.
გაწბილებულმა მთავრებმა
მეფეს ყოველივე მოახსენეს. ჯაფარი კიდევ უფრო განრისხდა და ბრძანა მოხუცისთვის თავი
მოეკვეთათ. წმიდა კონსტანტი სიკვდილის წინაც ლოცულობდა. მას ურჯულოებმა მახვილით თავი
მოჰკვეთეს და მეფეს მიართვეს, ისე, როგორც ჰეროდეს წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავი.
წმიდანის სხეული კი ყველას დასანახად მაღალ ადგილზე დაკიდეს, შემდეგ კი დამარხეს.
ეს ამბავი 853 წლის გიორგობის
დღესასწაულზე, 23 ნოემბერს მოხდა. მოგვიანებით ქართველებმა წმიდანის სხეული საქართველოში
გადმოასვენეს და პატივით დაკრძალეს. საქართველოს ეკლესიამ კონსტანტი კახი წმიდანად
შერაცხა.
წმიდა ილარიონ ქართველი
|
წმიდა ილარიონ ქართველი |
წმიდა ილარიონ ქართველი
მეცხრე საუკუნეში ცხოვრობდა. იგი ბევრ კეთილ საქმეს აკეთებდა, თუმცა თავის გამოჩენა
არასდროს უყვარდა. წმიდა ილარიონი როგორც კი რაიმე კეთილ საქმეს გააკეთებდა, მაშინვე
გასცილდებოდა იქაურობას და ყველას სთხოვდა, არავისთვის მოეყოლათ ამის შესახებ. მას
არ სურდა ადამიანებისგან საქებარი სიტყვის მოსმენით გაამაყებულიყო.
ერთხელ წმიდა ილარიონი
თავის მოწაფესთან ერთად ქალაქ კონსტანტინეპოლში წავიდა იქაური სიწმინდეების მოსალოცად.
მოლოცვის შემდეგ კი რომში გაემგზავრა. თოთხმეტი დღის მგზავრობის შემდეგ ქალაქის შესასვლელთან
ბაღი ნახა, რომლის კართანაც კოჭლი კაცი იჯდა. წმიდანი გვერდით მიუჯდა კაცს და უთხრა:
„შვილო, ადექი და ყურძნის ერთი მტევანი მომართვი.“
კაცმა კი წმიდა
მამას უპასუხა, რომ მას არ შეეძლო სიარული, ცამეტი წელი იყო უკვე, რაც დაკოჭლდა, გადაადგილებას
ვერ ახერხებდა და სთხოვა თავად აეღო ხილი.
მაშინ წმიდანმა
ამოიოხრა და მიუგო: „ადექი, შვილო, უფალს უბრძანებია შენთვის!“ კაცმა მაშინვე გამართა
ფეხები, წამოდგა და ყურძნის მოსატანად ვენახში შევიდა. წმიდა ილარიონი კი გაერიდა და
სხვა გზით წავიდა. უკან დაბრუნებულმა კაცმა წმიდანი ვერსად იპოვა, ძებნა დაუწყო და
ქალაქში შევიდა. თან ხელში ყურძნის მტევანი ეჭირა. ამ საკვირველების შემხედვარე ქალაქის
მოსახლეობამ კაცს გამოკითხვა დაუწყო. მანაც უამბო სასწაულისა და თავისი განკურნების
ამბავი. ისინი დიდხანს ეძებდნენ წმიდა ილარიონს, მაგრამ ვერსად იპოვეს.
წმიდა ილარიონ ქართველმა ფარულად
უამრავი სასწაული აღასრულა. ერთ მონასტერში, სადაც წმიდა ილარიონი რამდენიმე ხანი ცხოვრობდა,
მასთან ყოველ შაბათს დადიოდა მორჩილი, რომელსაც ბავშვობიდან მარჯვენა ფეხი სტკიოდა.
ერთხელ წმიდანთან მიმავალი წაბორძიკდა და ფეხი კიდევ უფრო ძლიერ იტკინა. როდესაც წმიდა
ილარიონმა გაჭირვებული მორჩილი დაინახა, კანდელიდან ზეთი აიღო, მტირალს სცხო და ისიც
განიკურნა. შემდეგ წმიდა ილარიონმა უკან გაუშვა მორჩილი და სთხოვა, ეს ამბავი არავისთვის
მოეყოლა.
წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი
ერთხელ მოწაფეებმა
იესო ქრისტეს ჰკითხეს: რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვცხონდეთო? მაცხოვარმა კი მათ
ერთ ყრმაზე მიუთითა და უთხრა: ვინც არ იქნება ისეთი, როგორიც ეს ყრმა არის, ჩემთან
სასუფეველში ვერ შემოვაო.
ეს ყრმა იყო სწორედ
ეგნატე, რომელსაც მთელი გულით, წრფელი სიყვარულით უყვარდა იესო და მიუხედავად ასაკის
სიმცირისა, მუდამ თან დაჰყვებოდა მას. შემდეგშიც, როცა წამოიზარდა, სულ ამას იმეორებდა:
ჩემს გულში უფლის უტკბილესი სახელი - იესო, ოქროს ასოებით წერიაო.
წმიდა ეგნატე ყველას
უქადაგებდა ქრისტიანობას, მრავალი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, რითაც ძალიან განარისხა
მაცხოვრის მტრები. მათ შეიპყრეს წმიდანი და უმძიმესი სასჯელით გადაწვიტეს მისი დასჯა.
უამრავი ხალხი შეკრიბეს და რამოდენიმე დღის მშიერ ლომებს წმიდა ეგნატე შესაჭმელად შეუგდეს.
თუმცა ჯალათები
გაწბილებულნი დარჩნენ. დამშეული ლომები მორჩილად მიუახლოვდნენ წმიდანს, თავები მოუდრიკეს,
მის ფეხებთან დაწვნენ და ლოკვა დაუწყეს.
ამ სასწაულმა ხალხი
ჯერ გააოგნა, შემდეგ კი ერთხმად შესძახეს: ჭეშმარიტად, ეგნატეს ღმერთია ერთადერთი ღმერთიო.
ამ ამბავმა ჯალათები
გონს ვერ მოიყვანა, პირიქით უფრო განრისხდნენ. წმიდა ეგნატეს ძლიერ სურდა, მალე მიახლებოდა
უფალს და საუკუნოდ მასთან ყოფილიყო ცათა სასუფეველში. წმიდანმა ლომებს მიმართა: კეთილო
ცხოველებო, შეასრულეთ ჩემი ლოცვა-კურთხევა და აღასრულეთ, რაც ამ ადამიანებს სურთ შემამთხვიონ.
წმიდანის ამ სიტყვებზე
ლომები წამოდგნენ და ნაფლეთებად აქციეს იგი. თუმცა მის გულს პირი არ მიაკარეს.
ამის შემხედვარე
ჯალათებმა თქვეს: ეს კაცი ამბობდა, რომ მის გულში იესოს სახელი ოქროს ასოებით წერია,
გავჭრათ და ვნახოთ ნამდვილად ასეა თუ არაო. ერთმა ჯალათმა გულს მახვილი დაჰკრა და შუაზე
გაჭრა. წმიდა ეგნატეს გულში ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული უფლის უტკბილესი სახელი
- "იესო"!
წმიდა მოწამე აბო თბილელი
მე-8 საუკუნეში
არაბებმა ქართლი დაიპყრეს და ქრისტიანობას სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს. ისინი ქრისტიანებს
საშინლად აწამებდნენ. ხალხში შიში და უიმედობა სუფევდა.
სწორედ ამ პერიოდში
უფალმა სასწაული მოახდინა და ქართველ ერს სრულიად უცხო პიროვნება და სხვა რჯულის ადამიანი
გამოუგზავნა რწმენაში განსამტკიცებლად. ქართლის ერისმთავარი ნერსე არაბ ამირას ბაღდათში
ყავდა დატყვევებული. ერისთმავარმა იქ 17 წლის ჭაბუკი აბო გაიცნო. აბო და მისი მშობლები
მაჰმადიანები იყვნენ. ჭაბუკი ნერსე ერისთავს დაუახლოვდა და ქრისტიანობით დაინტერესდა.
ქართლში დაბრუნებულ
ნერსეს აბოც თან გამოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უბედურება იყო გამეფებული,
აბო აღფრთოვანებული იყო ქართველთა ზნეობით. მან ქართული ენის სწავლა დაიწყო, ჩუმად
დადიოდა ტაძარში, ესაუბრებოდა ქრისტიან მოძღვრებს, მათთან ერთად ლოცულობდა და მარხულობდა.
მალე არაბი ამირა
კვლავ განურისხდა ქართლის ერისთავს. ნერსეც იძულებული გახდა ხაზარეთში გახიზნულიყო.
მან თან წაიყვანა აბოც. ხაზარეთში ჩასულმა აბომ უკვე საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება
შესდგომოდა ქრისტეს რჯულს და მოინათლა. ხაზარეთიდან ნერსე ერისთავი აბოსთან ერთად აფხაზეთის
სამეფოში გადავიდა. აფხაზეთში ჩასულმა აბომ მადლობა შესწირა უფალს, რადგან იქ ქრისტიანობას
დაუფარავად ქადაგებდნენ და უშიშრად ადიდებდნენ უფალს.
მალე ქართლში ნერსეს
ძმისწული გამეფდა და ერისთავმაც გადაწყვიტა თბილისში დაბრუნებულიყო. აბოც თან გამოჰყვა
მას. აფხაზეთის მეფე სთხოვდა წმიდანს აფხაზეთში დარჩენილიყო, რადგან არაბები რჯულის
შეცვლას არ აპატიებდნენ და მოსალოდნელ განსაცდელებზე აფრთხილებდა აბოს.
მაგრამ აბომ მტკიცედ
უპასუხა: „გამიშვი, რადგან ცხადად გაიგონ ჩემი გაქრისტიანება ქრისტეს მოძულეებმა.“ მაშინ აფხაზთა მეფე იძულებული
გახდა, დათანხმებოდა.
თბილისში ჩამოსული
აბო ყველას დასანახად დადიოდა ტაძარში, არავისთან მალავდა თავისი გაქრისტიანების ამბავს,
ესაუბრებოდა ქრისტიან მოძღვრებს, ლოცულობდა, მარხულობდა და ყველგან ქრისტეს შესახებ
ქადაგებდა. ასე გაგრძელდა სამი წელი. ბოლოს კი ასეთი საქციელით გაბოროტებულმა არაბებმა
ის ამირასთან დაასმინეს. წმიდანი შეიპყრეს, თუმცა სულ მალე სტეფანოზ ერისთავის თხოვნით
გაათავისუფლეს.
გავიდა დრო და თბილისში
ახალი ამირა დანიშნეს. გაბოროტებულმა არაბებმა კვლავ დაასმინეს წმიდანი. ქრისტიანებმა
ამ ამბის გაგებისთანავე, ყველაფერი უამბეს აბოს და დამალვა ურჩიეს. ნეტარმა აბომ კი
უპასუხა: „მე არა მარტო მზად ვარ ქრისტესთვის დავიტანჯო, არამედ სიკვდილსაც დავითმენ.“
სულ მალე ამირას
მსახურებმა შეიპყრეს წმიდანი და ისევ წინაპართა რჯულზე დაბრუნება მოსთხოვეს. თუმცა
ვერც ტკბილი სიტყვით, ვერც დაშინებით, ვერც დიდებისა და პატივის შეთავაზებით ვერ დაითანხმეს
ნეტარი. განრისხებულმა ამირამ ბრძანა ჭაბუკისთვის ბორკილები დაედოთ და საპყრობილეში
ჩაესვათ.
წმიდა აბომ საპყრობილეში
ცხრა დღე გაატარა. ამ დღეების მანძილზე იგი განუწყვეტლივ ლოცულობდა, მარხულობდა და
უფალს ადიდებდა. ბოლოს, როდესაც წმიდანმა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, ქრისტიანებს
სთხოვა, მისი სამოსი გაეყიდათ, აღებული ფულით სანთელ-საკმეველი ეყიდათ და მეორე დღისთვის,
ნათლისღების დღესასწაულზე ეკლესიებისთვის შეეწირათ. თავად აბო კი ორი კელაპტრით ხელში,
მთელი ღამე მუხლმოდრეკილი ლოცულობდა.
მეათე დღეს აბომ
პირი დაიბანა, ზეთი იცხო, ეზიარა და წამებისთვის მოემზადა. მის გასამხნევებლად მისულ
ქრისტიანებს კი პირიქით, იქეთ ანუგეშებდა და სთხოვდა: „ნუ ტირით ჩემთვის, არამედ გიხაროდეთ,
რადგან მე ჩემს უფალთან მივდივარ.“
არაბთა ამირამ წმიდა
აბოს სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა. ჯალათმა სამჯერ დაჰკრა ჭაბუკს მახვილი შესაშინებლად,
რადგან ეგონათ სიკვდილის შიშით წმიდანი ქრისტიანობას უარყოფდა. ნეტარი აბო კი მტკიცედ
და შეურყევლად იდგა. ბოლოს ურჯულოებმა წმიდანის თავმოკვეთილი ცხედარი ტომარაში ჩააგდეს,
ქალაქიდან გაიტანეს, მტკვრის პირას დაწვეს, ფერფლი ცხვრის ტყავში გაახვიეს და მტკვარში
გადააგდეს. გვიან ღამით კი ქალაქის მცხოვრებნი უდიდესი სასწაულის მომსწრენი გახდნენ;
იმ ადგილას, სადაც წმიდა აბოს ფერფლი წყალში გადაყარეს, მთელი ღამე ნათლის სვეტი იდგა.
წმიდა მოწამე აბოს
ხსენებას საქართველოს ეკლესია 21 იანვარს აღნიშნავს და მას თბილელად მოიხსენიებს, რადგან
იგი თბილისში აწამეს.
წმიდა იოანე ღვთისმეტყველი
წმიდა მოციქული
იოანე ღვთისმეტყველი იაკობ მოციქულის უმცროსი ძმა იყო. მისი ოჯახი გალილეის ბეთსაიდაში
ცხოვრობდა. ისინი მებადურები იყვნენ.
თავდაპირველად იოანე
მოციქული წმიდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. მაცხოვრის გამოჩენისთანავე იგი წმიდა
ანდრია მოციქულთან ერთად გაჰყვა მაცხოვარს. უფლისადმი გულმხურვალე სიყვარულისა და ქალწულებრივი
სიწმიდისათვის მაცხოვარმა გამორჩეულად შეიყვარა და ორ სხვა რჩეულ მოწაფესთან ერთად
ძალიან დაიახლოვა.
წმიდა იოანე მოციქული
მაცხოვარს გვერდიდან არასდროს მოსცილებია. მან საკუთარი თვალით იხილა თაბორის მთაზე
უფლის ფერისცვალება. წმიდა მოციქული არ მოსცილებია მოძღვარს, როცა იგი შეიპყრეს გეთსიმანიის
ბაღში, თან გაჰყვა მაცხოვარს სამსჯავროზე, სადაც იგი მღვდელმთავრებს ანასა და კაიაფას
მიჰყავდათ, დაესწრო მის დაკითხვას. წმიდა მოციქული გოლგოთის გზაზეც თან ახლდა მაცხოვარს,
ხოლო ჯვარცმისას ჯვრის კვარცლბეკზე იდგა დედა ღვთისმშობელთან ერთად და მწარედ ტიროდა.
ჯვარცმულმა მაცხოვარმა,
როდესაც იხილა დედა და მოწაფე, რომელიც ძალიან უყვარდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უთხრა:
„დედაკაცო, აჰა, ძე შენი!“ შემდეგ კი იოანეს მიმართა: „აჰა, დედაი შენი!“ (იოანე
19. 26,27) .
ამ დროიდან მოყოლებული
ნეტარი მოციქული მოსიყვარულე შვილივით ზრუნავდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე, ერთგულად
ემსახურებოდა მას. ხოლო როდესაც დედა ღვთისმშობელმა მიიძინა და მის ცხედარს გეთსიმანიის
ბაღში დასაკრძალად მიასვენებდნენ, წმიდა იოანე წინ მიუძღოდა მას სამოთხის რტოთი ხელში,
რომელიც წმიდა მარიამს გაბრიელ მთავარანგელოზმა მიართვა.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
მიძინების შემდეგ ნეტარი იოანე თავის წილხვედრ ეფესოში გაემგზავრა საქადაგებლად. მან
ძალიან ბევრი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარმწუნოებაზე. ამის გამო მას მტრებმა უამრავი
ტანჯვა და განსაცდელი შეამთხვიეს, ჰყავდათ ტყვეობაში. ამის შემდეგ წმიდა მოციქული კუნძულ
პატმოსზე გადაასახლეს, სადაც მრავალი წელი გაატარა. მან ამ კუნძულზე ყოფნისას ღვთაებრივი
ხილვით დაწერა გამოცხადება ანუ აპოკალიფსი,
რომელშიც ეკლესიისა და სამყაროს მომავალი და დასასრულია გაცხადებული.
გადასახლებიდან
გათავისუფლებული წმიდა იოანე კვლავ ქალაქ ეფესოში დაბრუნდა და დარჩენილი სიცოცხლე ქრისტეს
ეკლესიის გაძლიერებასა და განმტკიცებაში გაატარა.
მაცხოვრის უსაყვარლესი
მოწაფე ას წელს იყო გადაცილებული, რომ მიიცვალა.
ყოველწლიურად, ძველი
სტილით 8 მაისს, იოანე მახარებლის საფლავიდან ამოდიოდა თხელი მტვერი, რომელსაც მორწმუნეები
აგროვებდნენ და სასწაულებრივად იკურნებოდნენ.
წმიდა მოციქულში ვერც მხცოვანებამ,
ვერც ხორციელმა უძლურებამ ვერ შეძლო დაეცხრო უფლისადმი საოცარი, უსაზღვრო სიყვარული.
წმიდა მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი უპირატესად სიყვარულის მოციქული
იყო.
წმიდა ექვთიმე ათონელი
წმიდა ექვთიმე ათონელი
ბავშვობაში საქართველოდან ბიზანტიაში, სასახლის კარზე გაგზავნეს და იქ იზრდებოდა. მამამ,
წმიდა იოანემ იგი სასახლიდან ათონის მთაზე, მონასტერში წაიყვანა. პატარა ექვთიმეს ამ
პერიოდში ქართული ენა დავიწყებოდა და ქართულად ლაპარაკი უჭირდა. წმიდა იოანე კი ამაზე
ძალიან წუხდა.
პატარაობისას წმიდა
ექვთიმე ძლიერ დასნეულდა და სიკვდილის პირას იყო. მამას მისი გადარჩენის იმედი გადაწურული
ჰქონდა. ბავშვი იმდენად ცუდად იყო, რომ ხმას ვეღარ იღებდა. წმიდა იოანე ტაძარში წავიდა,
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლი მოიდრიკა და მხურვალე ლოცვითა და ცრემლებით
ევედრებოდა დედა ღვთისმშობელს შვილის გადარჩენას.
წმიდა იოანემ ერთ
მღვდელს შეუთვალა, რომ სასწრაფოდ მისულიყო და მომაკვდავი ბავშვი ეზიარებინა. სენაკში
დაბრუნებულმა წმიდა იოანემ კარებშივე გასაოცარი სურნელება იგრძნო. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს
შეესმინა მისი ვედრება. მამამ დაინახა, რომ პატარა ექვთიმე დედა ღვთისმშობლის მადლით
ამდგარიყო და საწოლზე ჯანმრთელი იჯდა. ნეტარი იოანე გაოცებისგან, რომ გამოერკვა შვილს
ყველაფერი დაწვრილებით გამოკითხა.
ექვთიმემ კი უამბო:
„დიდებული დედოფალი გამომეცხადა და ქართულად მითხრა: „რა არის, რა გტკივა ექვთიმე?“
მე კი ვუპასუხე: „ვკვდები დედოფალო!“ ეს რომ ვთქვი, მომიახლოვდა, ხელი მომკიდა და მითხრა:
„არაფერი გჭირს. ადექი, ნუ გეშინია და ქართულად თავისუფლად ილაპარაკე!“ და ახლა არაფერი
მტკივა.“
ამის სასწაულის
შემხედვარე წმიდა იოანე ღვთისმშობლის წინაშე მუხლებზე დაეცა, მადლი შესწირა და ადიდებდა
უფალს.
წმიდა ექვთიმე კი
ამ სასწაულის შემდეგ დაუბრკოლებლად, ძალიან კარგად საუბრობდა ქართულ ენაზე. ყოვლადწმიდა
ღვთისმშობლის გამოცხადებით მას უფლისგან საღვთო წიგნების წვდომის უნარი მიენიჭა. მამის
ბრძანებით წმიდა ექვთიმემ წიგნების ქართულად თარგმნა დაიწყო. იგი სიცოცხლის ბოლომდე
ათონის ქართველთა მონასტერში მოღვაწეობდა და მუდამ მონასტრის გასაძლიერებლად შრომობდა.
მართალი იობი
ძველ დროში, ქრისტეს
შობამდე ცხოვრობდა ერთი მართალი კაცი - იობი. იგი სამართლიანი და კეთილი ადამიანი იყო.
იობი იყო მდიდარი, დიდ და მშვენიერ სახლში ბედნიერად ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად.
მას უფლის მიმართ მტკიცე რწმენა ჰქონდა და ყოველთვის ცდილობდა ღვთისთვის სათნოდ ეცხოვრა.
ეშმაკს იობის ბედნიერების
შეშურდა და უფალთან ცილი დასწამა, იობს შენი რწმენა იმიტომ აქვს, რომ მდიდარი და ბედნიერია.
ასე, რომ არ იყოს ნუთუ მაინც იქნებოდა შენი ერთგულიო?!
იმისთვის, რომ იობის
ერთგულება ყველასთვის ეჩვენებინა, უფალმა ეშმაკს ნება დართო, იობი გამოეცადა, მაგრამ
მის სულთან მიახლება აუკრძალა.
მართალ იობს დიდი
განსაცდელი მოევლინა. ერთ დღეს მას ყაჩაღებმა საქონელი მოსტაცეს, საშინელმა ქარიშხალმა
კი მისი სახლი დაანგრია და ნანგრევებში მოყოლილი შვილები დაუხოცა. მაგრამ მიუხედავად
ასეთი მძიმე განსაცდელისა, იობს ღვთისადმი რწმენა არ შერყევია. იგი ჩვეულებისამებრ
ადიდებდა შემოქმედს.
ეშმაკი არ ჩერდებოდა,
ამჯერად სხვანაირად დასწამა ცილი იობს უფალთან, იობი იმიტომ რჩება შენი ერთგული, რომ
ეს განსაცდელი პირადად მას არ შეხებიაო.
ეშმაკის სიტყვების
უარსაყოფად, უფალმა კიდევ ერთი განსაცდელი მოუვლინა იობს. მას უკურნებელი სენი შეეყარა.
თუმცა არც ამ განსაცდელს შეუშინდა იობი და კვლავ უფლის მადიდებელი დარჩა. ეშმაკი შეეცადა
მისი ცოლის პირით ეცდუნა იობი: „დაგმე უფალი-ღმერთი შენი, რომელმაც შენ უდანაშაულოს
ამდენი განსაცდელი შეგამთხვია.“
უფალი კი ადიდებდა
ყოვლისშემძლე შემოქმედს და მორჩილად იტანდა მასზე მოწევნილ განსაცდელებს.
მართალმა იობმა
მოთმინებითა და დიდი რწმენით, ღირსეულად აიტანა ყველა განსაცდელი. შერცხვენილი ეშმაკი
კი დამარცხდა.
მართალი იობის მტკიცე
რწმენის გამო ღმერთმა განადიდა თავისი ერთგული მსახური. უფალმა განკურნა იგი, აჩუქა
მრავალი შვილი, უბოძა უფრო მეტი სიმდიდრე, ვიდრე წარსულში ჰქონდა მას და მიანიჭა უზარმაზარი
ბედნიერება.
წმიდა გიორგი ათონელი
წმიდა გიორგი ათონელი
მე-11 საუკუნეში მოღვაწეობდა და ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი იყო.
წმიდა გიორგი ათონელის
მშობლები, მარიამი და იაკობი კეთილმორწმუნე ადამიანები იყვნენ. მათ გიორგის დაბადებამდე
ორი შვილი უკვე ჰყავდათ: თეკლა, რომელიც მონასტერში იზრდებოდა და თევდორე. მშობლებს
სურვილი ჰქონდათ, რომ თუ კიდევ შეეძინებოდათ ვაჟი, ის უფლისთვის შეეწირათ.
ერთ ღამეს მარიამს
ძილში ნათლით მოსილი კაცი ეჩვენა, რომელმაც უთხრა: „შენ შობ ძეს, რომელიც უფლის რჩეული
ვერძი იქნება. შესწირე იგი ღმერთს და უწოდე მას გიორგი.“
სახელი გიორგი ბერძნულია
და იგი ქართულად მუშაკს ნიშნავს.
გაღვიძებულმა მარიამმა
მეუღლეს ყველაფერი უამბო. ორივემ მადლობა შესწირა უფალს და ღვთის აღთქმის აღსრულებას
დაელოდნენ. მართლაც, მარიამს ვაჟი შეეძინა და სახელად გიორგი დაარქვეს. ყრმა გიორგი
მართლაც ღვთის რჩეული მუშაკი გაიზარდა და ეკლესიას თავისი ღვთივსათნო საქმეებით ამდიდრებდა.
გიორგი ასაკის მომატებასთან ერთად სულიერადაც იზრდებოდა, ძლიერდებოდა და სულიწმიდის
მადლით ივსებოდა. მშობლებმა აღთქმა აღასრულეს და შვიდი წლის გიორგი მონასტერში წაიყვანეს.
ათი წლის ასაკში
გიორგი კიდევ უფრო გაძლიერდა სულიერად და დაუახლოვდა უფალს. ეშმაკი ხშირად ებრძოდა
გიორგის, რადგან ყმაწვილის სულიერი გაძლიერებით ეშმაკი მარცხდებოდა.
ერთხელ, როდესაც
გიორგი მდინარის პირას იჯდა, ცეცხლისფერ სამოსში ჩაცმული ყრმა დაინახა, რომელიც ეძახდა,
მოდი ერთად ვიმღეროთო. ყმაწვილი მართლაც გაემართა მისკენ, მაგრამ ამ დროს თეთრ ტანსაცმელში
მოსილი სხვა ყრმა მიუახლოვდა მას და უკან დააბრუნა. თან უთხრა: „ჩემთან დარჩი, რადგან
მე უფრო ვარ შენი მოყვასი!“
ეს ყველაფერი უდიდესი
სასწაული იყო, რადგან ცეცხლოვანი ტანსაცმლით შემოსილი ბავშვი თავად ეშმაკი იყო, რომელიც
პატარა გიორგის დახრჩობას ლამობდა. თეთრი ტანსაცმლით შემოსილი ყრმა კი - გიორგის მფარველი
ანგელოზი, რომელიც დაბადებიდანვე დაუდგინა უფალმა ბოროტ ძალთაგან დასაცავად.
ეშმაკი არ ცხრებოდა,
იგი კვლავ ცდილობდა ბავშვის დაღუპვას. ერთხელ მონასტერში ცეცხლი გაჩნდა და ირგვლივ
ყველაფერს მოედო. პატარა გიორგის ამ დროს ღრმა ძილით ეძინა. მოულოდნელად კვლავ გამოჩნდა
თეთრი შესამოსლით გიორგის მფარველი ანგელოზი, გააღვიძა ყრმა, ხელი ჩასჭიდა და ცეცხლიდან
უვნებლად გაიყვანა. მფარველმა ანგელოზმა მონასტრის მახლობლად პატარა ოთახში შეიყვანა
გიორგი და თავად თვალს მიეფარა.
სწორედ წმიდა გიორგი
ათონელს ეკუთვნის „წმიდა ექვთიმე და იოანე ათონელების ცხოვრება“. მან გააგრძელა წმიდა
ექვთიმეს საქმიანობა და ბერძნულიდან ქართულად თარგმნა ბიბლია, უამრავი საეკლესიო წიგნი,
რომელსაც დღეს ჩვენს ეკლესია-მონასტრებში იყენებენ.
წმიდა მოწამეები არჩილი
და ლუარსაბი
წმიდა მეფეების
არჩილისა და ლუარსაბის მოღვაწეობას შორის სხვაობა ათასი წელია. თუმცა ქართულმა ეკლესიამ
მათი ხსენება ერთ დღეს განაწესა ღვაწლისა და წამების მსგავსების გამო.
საქართველოში მურვან-ყრუს
შემოსევის დროს არჩილის ძმა, მირი, მეფობდა. მტრისგან აფხაზეთში გახიზნული ძმები შემწეობას
უფალსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ევედრებოდნენ.
უფალმა მათი ლოცვა
შეისმინა, ერთ ღამეს არჩილს დედა ღვთისა გამოეცხადა და ურჯულოთა წინააღმდეგ ბრძოლა
უბრძანა. უფალს მინდობილი ქართველები მცირე ჯარით თავს დაესხნენ მტრის ბანაკს და დაამარცხეს.
ღმერთმა ურჯულოებს
ძლიერი ქარი და წვიმა მოუვლინა, მდინარეები ადიდდა და არაბთა მხედრობა წალეკა. მურვან-ყრუს
ლაშქართან ამ ბრძოლაში მეფე მირი გარდაიცვალა. მის ნაცლად კი სამეფო ტახტზე არჩილი
ავიდა. მან თავისი მეფობის 12 წელი აოხრებული სამშობლოს აღდგენას შეალია.
მურვან-ყრუს შემოსევისგან
აოხრებული ქვეყანა ჯერ აღდგენილიც არ იყო, რომ მას ახალი მტერი - არაბთა ლაშქარი შემოესია
და ქართლი ააოხრა. მეფემ გადაწყვიტა სამშობლოსთვის თავი გაეწირა და არაბთა ლაშქრის
მეთაურს ეწვია. მან სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვა წმიდა მეფეს, სანაცვლოდ კი დიდ პატივს
დაპირდა. არჩილ მეფემ სულიერ სიკვდილს ხორციელი სიკვდილი არჩია და თავისი ნებით მოუდრიკა
თავი ჯალათს. ქართველმა აზნაურებმა მისი ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და მის მიერ
აშენებულ ნოტკორას ტაძარში დაკრძალეს.
ასევე ეწამა უფლისა
და სამშობლოს სიყვარულისთვის ლუარსაბ მეფეც. მე-17 საუკუნეში სპარსელთა ურიცხვი ლაშქარი
შაჰ-აბაზის მეთაურობით საქართველოში შემოიჭრა და ქართლ-კახეთი მთლიანად ააოხრა. ლუარსაბ
მეფე კახეთის მეფე თეიმურაზთან ერთად იმერეთში გაიხიზნა. ცბიერმა ლაშქარმა გამზრდელის
ხელით გაუგზავნა წერილი ლუარსაბ მეფეს, თუ ჩემთან მოხვალ მამა-პაპისეულს ყველაფერს
დაგიბრუნებ და არც შენ დაგიშავებ რამეს და არც შენს ერსო.
ლუარსაბ მეფე მიუხვდა
შაჰ-აბაზს ცბიერებას, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ის უსჯულო მის სამშობლოს არ დაინდობდა,
ამიტომ თავგანწირვა გადაწვიტა. შაჰ-აბაზმა ლუარსაბ მეფეს ქრისტეს სჯულის შეცვლა მოსთხოვა.
წმიდა მეფე მტკიცე უარზე იყო, რის გამოც იგი საპყრობილეში ჩასვეს და ექვსი წელი იტანჯებოდა.
ბოლოს შაჰ-აბაზის ნაჩუქარი მშვილდის საბლით მოახრჩვეს ციხეში.
ღამით წმიდა მოწამის გვამს საკვირველი
ნათელი დაადგა. მეორე დღეს მისი სხეული ციხის ეზოში დაკრძალეს. წმიდა მეფის საფლავთან
უსჯულონიც კი იკურნებოდნენ.
წმიდა დიდმოწამენი არგვეთის
მთავარნი დავით და კონსტანტინე მხეიძენი
მეექვსე საუკუნეში
არაბმა დამპყრობლებმა მურვან-ყრუს მეთაურობით მთელი საქრისტიანოს აოხრება გადაწყვიტეს.
არაბები ჯერ საბერძნეთს, შემდეგ სომხეთს დაესხნენ თავს, ბოლოს კი ამ მიზნით საქართველოსკენ
დაიძრნენ. არგვეთის ერისმთავრებმა, რომ გაიგეს საქართველოს როგორი მძიმე განსაცდელი
ელოდა, ლაშქარი შეკრიბეს და საბრძოლველად გაემზადნენ. ორივე მთავარი ქრისტესმოყვარე,
კეთილმორწმუნე პიროვნება იყო. დავითი ასაკით უფროსი იყო კონსტანტინეზე. თუმცა ორივენი
გამოცდილი მეომარი და ახოვანი ადამიანები იყვნენ.
სამცხეს შემოსეულ
წარმართებს ქართველთა ლაშქარი ლოცვით და მახვილით დახვდა. უკან გაქცეულმა მტერმა მურვან-ყრუს
ყველაფერი მოახსენა. განრისხებულმა მეთაურმა ახლა აბდულ-კასიმი ჩაუყენა სათავეში მრავალათასიან
ლაშქარს, რომელიც არგვეთში შეიჭრა და ქვეყანა მიწასთან გაასწორა. არგვეთის მთავარნი
დავითი და კონსტანტინე ტყვედ ჩაიგდეს და სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს. თუმცა მთავრებისგან
მტკიცე უარი მიიღეს. დავითი და კონსტანტინე დილეგში დაამწყვდიეს. მურვან-ყრუ ტყვეების
მოსყიდვას ცდილობდა ამქვეყნიური ათასგვარი სიმდიდრითა და პატივით. წმიდანები კი ამბობდნენ:
ჩვენი დიდება და სიმდიდრე მხოლოდ ქრისტეა, ჩვენ მხოლოდ ერთ სჯულსა და სარწმუნოებას
ვაღიარებთ, ჩვენ განათლებულნი ვართ ქრისტეს რწმენით, გვწამს მამა, ძე და სული წმიდა
და მხოლოდ მისთვის მოვკვდებით. როცა მტერი ვერაფერს გახდა, მთავრები ცემეს და მდინარე
რიონში გადაყარეს. სიკვდილის წინ წმიდანები უფალს შეევედრნენ მათი ცხედრები მტერს არ
შეებილწა და ვინც რწმენით და უფლის სახელით შეეხებოდა, მათ კურნება და ცოდვათა შენდობა
მიეღოთ.
ღამით სამი ნათლის
სვეტი დაადგა რიონს, მისმა ცეცხლმა შეხსნა წმიდათა სხეულებს ბორკილები, ლოდებისგან
გაათავისუფლა, მტერი კი წყალში დაინთქა. მსახურებმა წმიდანების უხრწნელი სხეულები იპოვეს
და წყალწითელას კლდეზე დანგრეულ ტაძარში დაასვენეს. ეს ამბავი 730 წელს მოხდა.
წმიდა დიდმოწამეთა
დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები მოწამეთას მონასტერში განისვენებს. მათ ხსენებას
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 ოქტომბერს (ძვ. სტ. 2 ოქტომბერს) აღნიშნავს.
წმიდა კალისტრატე
წმიდა კალისტრატე
კართაგენში დაიბადა. მისი წინაპრები, მამა-პაპა სამხედროები იყვნენ. პაპა პალესტინაში
მოღვაწეობდა. იგი მოწმე გახდა იესო ქრისტეს ჯვარცმისა. წმიდა კალისტრატეს მამა ქრისტიანი
იყო და შვილიც ქრისტიანულად აღზარდა. კალისტრატე თავადაც დიდებული მხედართმთავარი გახდა,
მეფის ნდობა დაიმსახურა და მის დაქვემდებარებაში მრავალი ჯარისკაცი იყო.
იმ პერიოდში ქრისტიანებს
სარწმუნოების გამო დევნიდნენ, ამიტომ კალისტრატე არ ამხელდა თავის სარწმუნოებას. იგი,
როდესაც ჯარისკაცები დაიძინებდნენ, გვიან ღამით დგებოდა და ლოცულობდა.
ერთხელ მასთან ახლოს
მწოლიარე ჯარისკაცმა გაიგო, რომ კალისტრატე ლოცვისას იესო ქრისტეს სახელს ახსენებდა
და დაასმინა იგი. წმიდა კალისტრატე დაკითხვაზე გამოიძახეს. მართალია, ის თავად არასდროს
ამხელდა ქრისტიანობას, მაგრამ როდესაც ჰკითხეს, არ დაუმალავს და ხმამაღლა განაცხადა:
„მე ქრისტიანი ვარ!“
წმიდა კალისტრატეს
მოსთხოვეს უარი ეთქვა ქრისტიანობაზე და როდესაც მისგან სასტიკი უარი მიიღეს, მისი წამება
დაიწყეს. თავიდან იგი ბასრ ქვებზე ათრიეს და სხეული სულ დაუფლითეს. ბოლოს კი ტყავის
ტომარაში ჩასვეს, ტომარა ამოკერეს და ზღვაში გადააგდეს.
უფალმა სასწაული
მოახდინა. ზღვის ფსკერზე ჩავარდნილი ტომარა ქვის წვეტს წამოედო და გაჭრა იგი. წმიდა
კალისტრატე კი უვნებელი გამოვიდა ტომრიდან. იგი დელფინებმა სანაპიროზე ამოიყვანეს.
ამ ამბის მხილველმა
ჯარისკაცებმა იწამეს ქრისტე ღმერთი. იმ დღეს 49 კაცი მოექცა ქრისტეს სჯულზე. შემდეგ
კალისტრატე ისევ აწამეს, ამჯერად უკვე ახლადმოქცეულ მის მხედრებთან ერთად. მათ რიცხვს
შემდგომში 135 მხედარიც შეუერთდა.
მტარვალებმა ქრისტიანებთან,
რომ ვერაფერი გააწყვეს, ბოლოს ჯალათებს უბრძანეს კალისტრატე და მისი მხედრები ერთ-ერთ
დარბაზში აეკუწათ.
ასეთი წამებით აღესრულა
წმიდა კალისტრატე. იგი საოცარი წმიდანია, რომელიც ყოველ ადამიანს ეხმარება. მის ხსენებას
მართლმადიდებელი ეკლესია ახალი სტილით 27 სექტემბერს აღასრულებს.
წმიდა კლიმი ანკვირიელი
წმიდა კლიმი ანკვირიელი
გალატიაში ცხოვრობდა. მისი მამა წარმართი იყო, დედა - ქრისტიანი. კლიმი ბავშვობაში
დაობლდა, მისი აღზრდა კი დედის მეგობარმა კეთილმოწრმუნე სოფიომ იტვირთა.
|
მაცხოვრის ხატი ქვიშარის ეკლესიიდან, მე-17 - მე-18 სს. ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი |
გალატიის მოსახლეობა
უმეტესად ურწმუნოდ ცხოვრობდა. იმ პერიოდში გალატიაში შიმშილობა მძვინვარებდა. რადგან
ხალხს საზრდო არ გააჩნდა და არც ღვთის მოშიშება ჰქონდა, ამიტომ ისინი თავიანთ შვილებს
ტოვებდნენ და საკუთარი თავის გადარჩენაზე ზრუნავდნენ. სოფიოს დავალებით ყმაწვილი კლიმი
ქუჩაში დადიოდა, შიმშილისგან დასუსტებულ, მიტოვებულ ბავშვებს თავს უყრიდა და სახლში
მიჰყავდა.
წმიდა სოფიოს სახლში
ბავშვები არა მარტო თავშესაფარსა და საზრდოს პოულობდნენ, არამედ განათლებასაც იღებდნენ,
წერა-კითხვასა და ქრისტეს სჯულს შეისწავლიდნენ.
წმიდა კლიმი პატარა
ქრიტიანებს წმიდა წერილს უკითხავდა, ასწავლიდა, ანუგეშებდა, ღვთის რწმენას, სიყვარულსა
და სასოებას უნერგავდა მათ.
ამგვარად გადაარჩინა
წმიდა კლიმმა თავის აღმზრდელ სოფიოსთან ერთად მრავალი ობოლი სულიერ და ხორციელ სიკვდილს.