წმიდა მოწამე ნიკოლოზ
დვალი
წმიდა მოწამე ნიკოლოზ
დვალი მართლმორწმუნე მშობელთა შვილი იყო. ღვთისმოშიშმა დედ-მამამ იგი შობიდანვე უფალს
შესწირა. თორმეტი წლის ყრმა ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა, იქ ბერად აღიკვეცა
და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ წმიდანი იერუსალიმში წავიდა და იერუსალიმის ქართველთა
ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა.
წმიდა ნიკოლოზ დვალს
სურვილი ჰქონდა ქრისტეს სახელისთვის მოწამეობრივად აღსრულებულიყო. იგი მხნედ ქადაგებდა
სარწმუნოებას მუსულმანებში და თან უშიშრად ამხელდა მათ ცდომილებებს.
უსჯულოებმა შეიპყრეს
წმიდანი და მრავალი სატანჯველის შემდეგ ციხეში გამოკეტეს. ქრისტიანებმა შეძლეს მისი
საპყრობილედან გამოხსნა. წინამძღვრის ბრძანებით წმიდა ნიკოლოზი კვიპროსზე წავიდა ქართველთა
მონასტერში. იგი მოწამეობრივ აღსასრულს ევედრებოდა უფალს. მას წმიდა იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და აუწყა,
დამასკოში წასულიყო.
დამასკოში ჩასულმა
წმიდანმა უსჯულოთა წინაშე ისევ მხნედ აღიარა ქრისტე და მათი უგუნურება ამხილა. განრისხებულმა
უღმრთოებმა შეიპყრეს წმიდა აღმსარებელი, სასტიკად ცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ქრისტიანებმა
ძლივს მოახერხეს მისი ტყვეობიდან გამოხსნა.
ახლად განთავისუფლებული
წმიდა ნიკოლოზი კვლავ მივიდა უსჯულოთა შესაკრებელში და დაგმო მათი უგუნურება, რისთვისაც
კვლავ აწამეს წმიდა აღმსარებელი და დილეგში ჩააგდეს. წმიდა მოწამე წმიდა იოანე ნათლისმცემლის
სასწაულებრივი გამოცხადებით განიკურნა, ორი თვის შემდეგ კი კვლავ გაათავისუფლეს.
იერუსალიმში გასამგზავრებლად
მომზადებული წმიდა ნიკოლოზი შემთხვევით ქალაქის ამირამ ნახა, შეიპყრო და ამირათ-ამირას
გაუგზავნა. მან მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა წმიდანს. წმიდა ნიკოლოზმა კი გაბედულად
აღიარა ქრისტე.
ამირათამირამ მისი
მოკვლა ბრძანა. სანატრელი მოწამე აღმოსავლეთით მიბრუნდა, სიხარულით მოუდრიკა მახვილს თავი და თქვა: „დიდება
შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს მყავ შენთვის სიკვდილსა.“ მახვილით მოკვეთილმა
თავმა შვიდგზის აღიარა ღმერთი და თქვა: „დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო!“
ამ სასწაულის მხილველმა
სპარსელებმა წმიდანის გვამი დაწვეს. მისი წამების ადგილს სამი დღე ნათლის სვეტი ადგა.
წმიდა ნიკოლოზის
მოძღვარმა, როდესაც შეიტყო, მისი სულიერი შვილის მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ,
ადიდა ღმერთი და შეევედრა უფალს, გამოეცხადებინა მისთვის შეირაცხა თუ არა ნიკოლოზი
წმიდა მოწამეთა შორის. ერთ დღეს წიგნის კითხვისას, მან სასწაულებრივი გამოცხადებით
იხილა ნათლითა და სურნელებით სავსე მთა და ბრწყინვალედ შემკობილი წმიდა მოწამეთა გუნდი.
მათ შორის გამორჩეულად ბრწყინავდა დიდმოწამე გიორგი.
წმიდა გიორგიმ იხმო
წმიდა ნიკოლოზი: ნიკოლოზ! გამოდი და ეჩვენე შენს მოძღვარს, რადგან ბევრი ცრემლი დაღვარა
შენთვის.
წმიდა მოწამე ნიკოლოზმა
დაამშვიდა მოძღვარი და უთხრა: აი, მიხილე მეცა და ჩემი ადგილიც და ამიერიდან ნუღარ
სწუხ ჩემთვის.
წმიდა ნიკოლოზ დვალი
ეწამა 1314 წელს.